1. მთავარი
  2. ჩვენ შესახებ
  3. ისტორია
bp საქართველოში პირველად 1996 წელს შემოვიდა
Tiblisi Georgia June 2015

თბილისი

ისტორია

1994 წელს კასპიის ზღვის აზერბაიჯანის სანაპირო წყლებში მდებარე აზერი-შირაგი-გუნაშლის (ACG) საბადოების განვითარების მიზნით bp-ს მიერ მართულ კონსორციუმთან, აზერბაიჯანის საერთაშორისო საოპერაციო კომპანიასთან, (AIOC) პროდუქციის განაწილების ხელშეკრულება დაიდო
 

BP საქართველოში პირველად 1996 წელს შემოვიდა. იმ დროს, როდესაც შირაგის საბადოს ათვისება დაიწყო და „ადრეული ნავთობის პროექტის", მათ შორის, დასავლეთის მიმართულების საექსპორტო მილსადენის (WREP) მშენებლობა დაიგეგმა. დასავლეთის მიმართულების საექსპორტო მილსადენი, რომელიც ბაქოდან საქართველოს შავი ზღვის პორტ სუფსამდე გადის, პირველია იმ სამ ძირითად პროექტს შორის, რომელიც bp-მ საქართველოში განახორციელა. სუსფის ტერმინალი 1999 წლის აპრილში გაიხსნა, როდესაც ტერმინალიდან ნავთობით დატვირთული პირველი ტანკერი გავიდა.

 

პროექტში მრავალი ქართველი დასაქმდა, ასევე გაიცა კომპენსაციები მათზე, ვის საკუთრებაში არსებული მიწების დროებით გამოყენების აუცილებლობა წარმოიშვა მილსადენის მშენებლობის დროს.

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენი რეგიონალური მნიშვნელობის პროექტია, რადგან მან ბოსფორის გადატვირთული სრუტის გვერდის ავლით კასპიის ზღვა პირდაპირ ხმელთაშუა ზღვასთან დააკავშირა. მილსადენის მარშრუტი 2002 წელს დაიგეგმა, ხოლო მშენებლობა 2003 წლის გაზაფხულზე დაიწყო.

 

მილსადენის მშენებლობა საქართველოში 2005 წელს დასრულდა და ნედლი ნავთობის პირველი პარტიის ექსპორტი თურქეთში მდებარე ჯეიჰანის ტერმინალში 2006 წლის ივნისში განხორციელდა. 2004 წელს BTC და SCP მილსადენების დერეფნის გასწვრივ მდებარე რეგიონებში საზოგადოებრივი ინვესტირების პროგრამების განხორციელება დაიწყო, რომლებიც მილსადენების ექსპლუატაციის ეტაპზეც გრძელდება.

 

1999 წელს, ბოლო წლების განმავლობაში აღმოჩენილი ნახშირწყალბადების ერთ-ერთი ყველაზე დიდი გაზის საბადოს, შაჰ დენიზის არსებობა დადასტურდა.

 

2001 წელს აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს შორის ხელი მოეწერა სამთავრობათშორისო ხელშეკრულებას ბუნებრივი აირის ტრანზიტის, ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის შესახებ. 2003 წელს ოფიციალურად დამტკიცდა საბადოს განვითარების პირველი ეტაპი. სამხრეთ კავკასიური მილსადენი და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენები საქართველოს ტერიტორიაზე ერთ საერთო დერეფანში აშენდა.

 

სამხრეთ კავკასიური მილსადენი, რომელიც ექსპლუატაციაში 2006 წლის დეკემბერში იქნა გაშვებული, საქართველოსა და მთლიანად რეგიონისათვის გაზით მომარაგების ახალი და მნიშვნელოვანი წყაროა.

 

2006 წლის შემდეგ, აზერბაიჯანელმა, ქართველმა და თურქმა მომხმარებლებმა მთლიანობაში 40 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტი გაზი მიიღეს. უკვე არსებული, 42 დიუმი დიამეტრის სამხრეთ კავკასიის გაზსადენის სისტემა ფართოვდება.


კერძოდ, სამხრეთ კავკასიის გაზსადენის სისტემის გაფართოების პროექტის, როგორც შაჰ დენიზის მეორე ეტაპის განვითარების პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია არსებული სიმძლავრეების განვითარება წელიწადში დამატებით 16 მილიარდი კუბური მეტრი გაზის საქართველო-თურქეთის საზღვართან ექსპორტის მიზნით.

 

სამხრეთ კავკასიის გაზსადენის გაფართოების პროექტი ქმნის პირველ დამაკავშირებელ რგოლს მილსადენების ჯაჭვში, რომელიც სამხრეთის გაზის ახალ კორიდორს წარმოადგენს და რომლის მეშვეობითაც მოხდება კასპიის გაზის პირველად ევროპაში გატანა.

 

სამხრეთ კავკასიის გაზსადენის სისტემა დაუკავშირდება ტრანს-ანატოლიის გაზსადენს (TANAP) აღმოსავლეთ თურქეთის საზღვარზე, რომელიც თავის მხრივ დაუკავშირდება 1900 კმ-თ დაშორებულ ტრანს-ადრიატიკის გაზსადენს (TAP) დასავლეთ თურქეთის საზღვარზე. ტრანს-ადრიატიკის გაზსადენი კვეთს საბერძნეთსა და ალბანეთს, საიდანაც იგი ადრიატიკის ზღვის ფსკერზე მდებარე მილსადენით სამხრეთ იტალიისაკენ მიედინება. ტრანს-ადრიატიკის გაზსადენის სრული სიგრძეა 870 კმ.

 

ამჟამად, bp საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინვესტორია, რომელმაც ინფრასტრუქტურის და სოციალური განვითარების პროექტებში 1.5 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი დააბანდა.