სამხრეთ კავკასიის გაზსადენი

გაზის მიწოდება რეგიონის მოსახლეობის მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად.

692 კმ. სიგრძის სამხრეთ კავკასიური მილსადენი კასპიის ზღვის აზერბაიჯანის სექტორში მდებარე შაჰ დენიზის საბადოდან საქართველოს ტერიტორიის გავლით საქართველო-თურქეთის საზღვრამდე გაზის ტრანსპორტირებისათვის დაპროექტდა.

სრული წარმადობით ამუშავებისა და განვითარების დამატებითი ეტაპების დასრულების შემდეგ გაზსადენი წელიწადში 20 მილიარდ კუბურ მეტრ აირს გაატარებს. საზღვარზე გაზსადენი თურქეთის მხარის მიერ აშენებულ განშტოებას უერთდება, რომელიც SCP-ს ერზრუმის ადგილობრივ გაზმომარაგების სისტემასთან აკავშირებს.

ამ მილსადენის მშენებლობა, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე იმავე დერეფანში გადის, რომელშიც BTC მილსადენი, 2006 წელს დასრულდა. BTC მილსადენის მსგავსად, ისიც მიწაშია ჩაფლული. SCP მილსადენის საშუალებით კასპიის ზღვის შაჰ-დენიზის საბადოდან მოპოვებული ბუნებრივი აირი აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის მომხმარებელს მიეწოდება.

გაზი მილსადენის საქართველოს სექციაში 2006 წლის სექტემბერში გაუშვეს მილსადენის გამოცდისა და ამუშავებისათვის. 2006 წლს გარდაბნის ახლოს დასრულდა, აგრეთვე, SCP მილსადენის საქართველოს გაზმომარაგების სისტემასთან შემაერთებელი ახალი, 12 კილომეტრი სიგრძის მილსადენის მშენებლობა. მისი ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ საქართველომ პირველი გაზი 2007 წლის იანვარში მიიღო.

სამხრეთ კავკასიის გაზსადენის სისტემის გაფართოების პროექტი (SCPX)

მოკლე ინფორმაცია პროექტის შესახებ

კასპიის ზღვაში შაჰ დენიზის კონდესირებული გაზის უდიდესი საბადოს აღმოჩენამ და განვითარებამ და სამხრეთ კავკასიის გაზსადენმა (SCP) აზერბაიჯანს შესაძლებლობა მისცა 2006 წლიდან გაზის მთავარი ექსპორტიორი გამხდარიყო. 2006 წლის შემდეგ, აზერბაიჯანელმა, ქართველმა და თურქმა მომხმარებლებმა მთლიანობაში 40 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტი გაზი მიიღეს. უკვე არსებული, 42 დიუმი დიამეტრის სამხრეთ კავკასიის გაზსადენის სისტემა ფართოვდება. კერძოდ, სამხრეთ კავკასიის გაზსადენის სისტემის გაფართოების პროექტის, როგორც შაჰ დენიზის მეორე ეტაპის განვითარების პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია არსებული სიმძლავრეების განვითარება წელიწადში დამატებით 16 მილიარდი კუბური მეტრი გაზის საქართველო-თურქეთის საზღვართან ექსპორტის მიზნით.  სამხრეთ კავკასიის გაზსადენის გაფართოების პროექტი ქმნის პირველ დამაკავშირებელ რგოლს მილსადენების ჯაჭვში, რომელიც სამხრეთის გაზის ახალ კორიდორს წარმოადგენს და რომლის მეშვეობითაც მოხდება კასპიის გაზის პირველად ევროპაში გატანა. 

სამხრეთ კავკასიის გაზსადენის სისტემა დაუკავშირდება ტრანს-ანატოლიის გაზსადენს (TANAP) აღმოსავლეთ თურქეთის საზღვარზე, რომელიც თავის მხრივ დაუკავშირდება 1900 კმ-თ დაშორებულ ტრანს-ადრიატიკის გაზსადენს (TAP) დასავლეთ თურქეთის საზღვარზე. ტრანს-ადრიატიკის გაზსადენი კვეთს საბერძნეთსა და ალბანეთს, საიდანაც იგი ადრიატიკის ზღვის ფსკერზე მდებარე მილსადენით სამხრეთ იტალიისაკენ მიედინება. ტრანს-ადრიატიკის გაზსადენის სრული სიგრძეა 870 კმ.

პროექტის მიმოხილვა

სამხრეთ კავკასიის არსებული გაზსადენი იწყება აზერბაიჯანში, სანგაჩალის ტერმინალზე და მიედინება მიწისქვეშა მილსადენით საქართველო-თურქეთის საზღვრამდე. სამხრეთ კავკასიის გაზსადენის სისტემის გაფართოების პროექტი გაზრდის  სამხრეთ კავკასიის გაზსადენის არსებულ, 7 მილიარდი კუბური მეტრის წარმადობის სისტემის შესაძლებლობებს რათა  16 მილიარდი კუბური მეტრი დამატებითი გაზის გატარება მოხდეს ახალი, 48 დიუმიანი პარალელური გაზსადენით, რომელიც სამხრეთ კავკასიის არსებული გაზსადენის პარალელურად აშენდება. სამხრეთ კავკასიის გაზსადენის სისტემის გაფართოების პროექტის ფარგლებში იგეგმება მთელი რიგი შენობა-ნაგებობების აშენება, კერძოდ კი, საქართველოში 2 ახალი საკომპრესორო სადგურის, ორი შუალედური დგუშის სადგურის (ერთი აზერბაიჯანსა და ერთიც საქართველოში), ექვსი 48 დიუმიანი ჩამკეტი სარქველის (ერთი საქართველოში და ხუთი აზერბაიჯანში), ხოლო საერთაშორისო საზღვრებზე - წნევის შესამცირებელი და საზომი სადგურების და საქართველო-თურქეთის საზღვარზე, ტრანს-ანატოლიის გაზსადენთან შემაერთებელი სადგურის მშენებლობა. სამხრეთ კავკასიის გაზსადენის სისტემის გაფართოების პროექტის განხორციელება დამოკიდებულია უსაფრთხო პროექტირებისა და ხარისხიანი მშენებლობის საერთო კონცეფციაზე.

სამხრეთ კავკასიის გაზსადენის სისტემის გაფართოების პროექტთან დაკავშირებული სარგებელი საქართველოსთვის:

  • დაახლოებით 2 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების კაპიტალდაბანდება;
  • დაგეგმილი კაპიტალდაბანდების დაახლოებით 20% (400 მილიონი აშშ დოლარი) დაიხარჯება ადგილობრივი მომწოდებლებისგან საქონლისა და მომსახურების შესყიდვაზე;
  • მშენებლობის პიკის დროს შეიქმნება დაახლოებით 2000 პირდაპირი სამუშაო ადგილი.
  • პროექტისთვის განკუთვნილი დაახლოებით 350 ათასი მეტრული ტონა ტვირთის გადაზიდვა მოხდება საქართველოს საზღვაო პორტებისა და რკინიგზის მეშვეობით.
  • „ტერიტორიის მფლობელი ქვეყნის მთავრობასთან ხელშეკრულების“ თანახმად, SCPX გაზსადენში გატარებული სატრანზიტო გაზის მოცულობის 5% საქართველოს მიეწოდება.

გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხები

ახალი შესაძლო საქმიანობების შესწავლის მიზნით ჩვენ ჩვეულებრივ პროექტის დაწყების წინ ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასებებს (ESIA) ვახორციელებთ.

მშენებლობის დაწყების წინ სამხრეთ კავკასიური მილსადენის ESIA აზერბაიჯანში და საქართველოში განხორციელდა. შეფასებებში აღწერილია ის ზემოქმედებები, რომლებიც SCP პროექტმა შესაძლოა აზერბაიჯანში და საქართველოში მილსადენის დერეფნის გასწვრივ არსებულ ბუნებრივ და სოციალურ პირობებზე მოახდინოს, და თუ როგორ შეიძლება ამ ზემოქმედებების შემცირება. ამ შეფასებებმა მნივნელოვანი როლი ითამაშეს მილსადენის დაპროექტების და მისი განხორციელების ყველა ეტაპზე.

ESIA-ს მეშვეობით ხდება SCP პროექტის განვითარების ყველა ფაზის ზემოქმედებების შესწავლა ობიექტების მშენებლობის საწყისი ეტაპიდან დაწყებული, ექსპლუატაციაში გაშვების, ფუნქციონირებისა და მილის უსაფრთხო მდგომარეობაში დატოვების ჩათვლით. სამხრეთ კავკასიური გაზსადენის ESIA-ს პროცესის ძირითადი მიზანია განისაზღვროს და სადაც ეს შესაძლებელია აღმოიფხვრას ან მინიმუმამდე შემცირდეს მილსადენის მშენებლობისა და ექსპლუატაციის შედეგად გამოწვეული შესაძლო უარყოფითი ზემოქმედება ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე, მათი დროულად გამოვლენისა და რეაგირების გზით. ESIA პროცესის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიზანი საზოგადოების მონაწილეობისა და ინფორმაციის გავრცელების მექანიზმის შემუშავებაა.

დამატებითი ინფორმაცია SCP-ის შესაძლო ზემოქმედების მართვის შესახებ ადამიანებზე და გარემოზე მშენებლობისა და ექსპლუატაციის დროს მოცემულია განსახლების სამოქმედო გეგმაში და გარემოსდაცვით და სოციალური საკითხების სამოქმედო გეგმაში. SCP და BTC მილსადენები ერთი და იმავე დერეფანში აშენდა. შესაბამისად, მრავალი გამოვლენილი ზემოქმედება ერთ საერთო დოკუმენტშია განხილული.

დოკუმენტაცია SCP მილსადენის გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების შესახებ მოცემულია პუბლიკაციების თავში.

მონიტორინგი და ანგარიშგება

შიდა და გარე მონიტორინგი SCP პროექტის საქმიანობის განუყოფელი ნაწილია. ეს ასევე წარმოადგენს მნიშვნელოვანი წყაროს მისი კვლევისა და შემოწმებისათვის.

შიდა მონიტორინგი გულისხმობს პროექტისა და ქვეყანაში მომუშავე ხელმძღვანელი ჯგუფების მიერ ჩატარებულ მონიტორინგს და კონტრაქტორის მიერ საკუთარი საქმიანობის შემოწმებას, რომლის მიზანი არსებულ პოლიტიკასთან და სტანდარტებთან შესაბამისობის შემოწმებაა.

ამასთან ერთად, პროექტის მონიტორინგს ატარებენ გარეშე მხარეები, მათ შორის ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები და კრედიტორების აუდიტორები. ინფორმაცია SCP პროექტთან დაკავშირებით დღემდე ჩატარებული მონიტორინგის შესახებ იხილეთ თავში ანგარიშები და პუბლიკაციები.

პარტნიორები

BP - აქვს პასუხისმგებლობა პროექტების პარტნიორობის სახელით მართოს და განახორციელოს განვითარებისა და საწარმოო საქმიანობა. შვიდი ნაციონალური და საერთაშორისო ენერგო კომპანია არის პარტნიორი სამხრეთ კავკასიური მილსადენისა და შაჰ-დენიზის პროექტის განხორციელებაში. BP არის SCP -ის ტექნიკური ოპერატორი მისი ექსპლუატაციის ფაზაში.

BP

28.8% share

SOCAR

10% share
AzSCP

TPAO

19% share

PETRONAS

15.5% share

LUKOIL

10% share

NICO

10% share

SOCAR

6.7% share SGC Midstream